აუტიზმის მქონე ბავშვის ობსესიები, სტერეოტიპული ქცევა და რუტინა

ობსესიები (აკვიატებები), განმეორებადი, სტრეოტიპული ქცევა ან რუტინა აუტიზმის მქონე პირისთვის შეიძლება იყოს სიამოვნების წყარო და ყოველდღიურობასთან ადაპტირების საშუალება.მიუხედავად ამისა, ასეთმა ქცევამ შეიძლება შეზღუდოს მისი ჩართულობა სხვა აქტივობებში, გამოიწვიოს დისტრესი და შფოთვა.
აუტიზმის მქონე პირებს აქვთ სხვადასხვა აკვიატება. მათგან ყველაზე გავრცელებულია: კომპიუტერის, მატარებლების, ისტორიული თარიღების ან მოვლენების, მეცნიერების, კონკრეტული სატელევიზიო პროგრამების, მულტფილმის კონკრეტული გმირის, მანქანის ნომრების, რიცხვების, საათების, ფორმების და სხვა აკვიატებები. ასევე, კონკრეტულ ობიექტებზე და მათ ნაწილებზე მიჯაჭვულობა და მათი შეგროვება.
აკვიატების მიზეზი შეიძლება იყოს:
• ყოველდღიურობის მოწესრიგება, სტრუქტურირება, პროგნოზირებადობა, რაც ეხმარება მას ყოველდღიურ გაურკვევლობებთან გამკლავებაში;
• სოციალური ინტერაქციის სირთულე, რის დასაძლევადაც შეიძლება გამოიყენოს აკვიატებული თემა საუბრის წამოწყებისთვის, რომ თავი იგრძნოს უფრო თავდაჯერებულად;
• რელაქსაციისა და ბედნიერების განცდა;
• სიამოვნებას მიღება გარკვეულ თემებზე ინფორმაციის მოძიებით.
ქვემოთ ჩამოთვლილი კითხვები დაგეხმარებათ ერთმანეთისგან განასხვავოთ ჰობი და აკვიატებული ქცევა:
• ქცევის განხორციელების დროს არის თუ არა ადამიანი შეწუხებული და განიცდის თუ არა დისტრესს?
• არ შეუძლია დამოუკიდებლად შეწყვიტოს ქცევა?
• ახდენს თუ არა ქცევა გავლენას დასწავლაზე?
• ზღუდავს თუ არა ქცევა სოციალურ შესაძლებლობებს?
• არის თუ არა ქცევა შემაწუხებელი სხვა ადამიანებისთვის (მშობლებისთვის, ოჯახისთვის)?
თუ რომელიმე ამ კითხვაზე დადებითი პასუხი გაქვთ, სასურველია, მოიძიოთ დამხმარე გზები განმეორებადი და აკვიატებული ქცევის შესამცირებლად. მოახდინეთ ფოკუსირება ისეთი უნარების განვითარებაზე, რომლებმაც შეიძლება ჩაანაცვლოს აკვიატებული ქცევა. შეეცადეთ დაადგინოთ ქცევის ფუნქცია.
განმეორებადი, სტერეოტიპული ქცევა შეიძლება იყოს: ხელის ქნევა, თითების ტკაცუნი, რწევა, ხტუნვა, ტრიალი, თავის რტყმევა, სხეულის სხვადასხვა მოძრაობები, საგნების განმეორებადი გამოყენება.
განმეორებადი ქცევა შეიძლება იყოს სენსორულ შეგრძნებებთან გამკლავების საშუალება, რადგან აუტიზმის მქონე პირებს ხშირად აქვთ აწეული ან დაქვეითებული სენსიტიურობა ხმების, სუნის, გემოს, ვიზუალური ხატის მიმართ.
განმეორებადი ქცევის განსხვავებულობის მიუხედავად მიზეზი მსგავსია:
• სენსორული სტიმულაციის მცდელობა. მაგ: რწევა შეიძლება იყოს ვესტიბულური სისტემის სტიმულაციისთვის;
• სენსორული სტიმულაციის შემცირების მცდელობა. მაგ: ერთ კონკრეტულ ხმაზე ფოკუსირება შეიძლება ამცირებდეს ხმაურიანი, შემაწუხებელი გარემოს გავლენას (განსაკუთრებით, სოციალურ სიტუაციებში);
• სტრესსა და შფოთვასთან გამკლავების გზა. ზოგიერთმა ზრდასრულმა შესაძლოა მიმართოს ძველ განმეორებად ქცევას (მაგ: ხელის ქნევა) სტრესულ სიტუაციაში;
• სიამოვნების მიღება.
აუტიზმის მქონე პირები უპირატესობას ანიჭებენ რუტინასა და იგივეობას. რუტინა მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს შფოთვის მართვაში, ამის გამო რუტინის დარღვევა ძლიერ დისტრესს იწვევს. რუტინის დარღვევა შეიძლება იყოს ერთი აქტივობიდან მეორეზე გადასვლა, დღესასწაულები, რეჟიმის ცვლილება. განსაკუთრებით რთულია მოულოდნელი ცვლილებების დაძლევა. შესაძლოა წინასწარ მომზადებული ვიზუალური განრიგიც კი არ იყოს საკმარისი რუტინის მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის. რუტინის დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს:
• გარემოს ინტერიერის შეცვლა, უცხო ადამიანის ყოფნა ან ახლობლის არყოფნა;
• საჭმლის, ტანსაცმლის და ყოველდღიური მოხმარების ნივთების ცვლილება;
• ყოველდღიური აქტივობების (სადილი და ძილისთვის მომზადება) უმცირესი დეტალების ცვლილება;
• ერთიდაიგივე კითხვაზე განსხვავებულუი პასუხის მოსმენა.
ობსესიები, განმეორებადი ქცევები და რუტინა მნიშვნელოვანია აუტიზმის მქონე პირებისთვის, რადგან ის მათ ეხმარება შფოთვის მართვაში, ქაოტურ სამყაროზე კონტროლის შეგრძნებაში, სენსორულ პრობლემებთან გამკლავებაში. ამიტომ მნიშვნელოვანია დავადგინოთ თუ რას ემსახურება ესა თუ ის ქცევა.
საგულისხმოა რომ, რაც უფრო ხანდაზმულია ობსესიები, განმეორებადი ქცევები და რუტინა, მით მეტად რთულია მასთან გამკლავება. ქცევა, რომელიც მისაღებია ბავშვისთვის, მოზრდილისთვის აღარ არის მისაღები და შესაძლოა რთული გახდეს მისი შეცვლა. მაგ: ბავშვი, რომელსაც აკვიატებული აქვს ფეხსაცმელები, ცდილობს შეეხოს სხვის ფეხსაცმელს და ეს ქცევა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ როცა იგივეს აკეთებს მოზრდილი ადამიანი და განსაკუთრებით უცხოსთან, ეს უკვე პრობლემურია.
თუ ადრეული ასაკიდანვე დააწესებთ განმეორებადი ქცევის გარკვეულ ლიმიტს, ეს დაგეხმარებათ ნებისმიერი ახლად გამოვლენილი ქცევის გაუმჯობესებაში.
აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომედაციები:
• უპასუხეთ კითხვას: ეს ობსესიები, განმეორებადი ქცევები და რუტინა ზღუდავს თუ არა თქვენი შვილის შესაძლებლობებს, ახდენს თუ არა გავლენას დასწავლაზე და უქმნის თუ არა ბავშვს დისკომფორტს? კარგად დაფიქრდით, ნამდვილად არის თუ არა საჭირო ჩარევა;
• იფიქრეთ განმეორებადი ქცევების, რუტინის და ობსესიების ფუნქციაზე. რას ემსახურება ის ბავშვისთვის?
• დააწესეთ ლიმიტი განმეორებადი ქცევებსა და ობსესიებზე ადრეული ასაკიდანვე;
• გახადეთ გარემო მაქსიმალურად სტრუქტურირებული და პროგნოზირებადი;
• გამოიყენეთ ვიზუალური მხარდაჭერა, ყოველდღიური გრაფიკები, სოციალური ისტორიები, წინასწარ დაგეგმეთ და მოამზადეთ მოსალოდნელი ცვლილებებისთვის, რომელიც შეიძლება იყოს სტრესული. ამით შეზღუდავთ განმეორებად ქცევასა და რუტინაზე დამოკიდებულებას;
• დაეხმარეთ თქვენს შვილს უნარ-ჩვევების განვითარებაში, მაგალითად სოციალური უნარ-ჩვევეების გამომუშავებაში, რელაქსაციის ტექნიკების დაუფლებაში და ემოციების იდენტიფიცირებაში, რადგან თითოეული მათგანი შეიძლება იყოს საუკეთესო გზა სტრესისა და გაურკვევლობის მართვისთვის;
• გახსოვდეთ, რომ უნდა დააწესოთ მკაფიო და თანმიმდევრული ლიმიტები. მაგ: დროის რაციონი, რომლის განმავლობაში ბავშვს შეეძლება ისაუბროს გარკვეული თემის გარშემო, ან ადგილები, სადაც შეეძლება განახორციელოს კონკრეტული ქმედება;
• გახსოვდეთ, რომ ობსესიებსა და განმეორებად ქცევებს შესაძლოა თერაპიული დატვირთვა ჰქონდეს და ბავშვს რელაქსაციაში ეხმარებოდეს. ნუ ეცდებით ერთბაშად შეცვალოთ ობსესიები და განმეორებადი ქცევები, რადგან ეს შეიძლება სტრესული აღმოჩნდეს. ცვლილებები შეიტანეთ ეტაპობრივად;
• ისარგებლეთ ობსესიებით, ისინი შეიძლება იყოს სოციალიზაციის და ახალი უნარის განვითარების საუკეთესო საშუალება.

მასალა მოამზადა სალომე ნადარაიამ.