აუტიზმის მქონე ბავშვის მშობლის სტრესი

ბავშვის აღზრდის დროს გარკვეული სახის სტრესი მშობლის ნორმალური და ადაპტური რეაქციაა (Deckard & Scarr, 1996), მაგრამ როცა შვილი თანატოლებისაგან განსხვავებულად ვითარდება და ოჯახის წევრები ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა სახის პრობლემას აწყდებიან, მშობლის ტვირთი ერთიორად მატულობს.

ოჯახისთვის რთულია იმ ფაქტთან შეგუება, რომ ბავშვს პრობლემა აქვს. მშობლისათვის განსაკუთრებით სტრესულია, როცა პირველად იგებს ბავშვის დიაგნოზს. ასეთ დროს ადამიანებს განსხვავებული რეაქციები აქვთ: ზოგი პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირდება, ზოგი გაშეშებულია, არ იცის რა ქნას და ასეთ დროს გამკლავების არაეფექტურ სტრატეგიებს ირჩევს, ზოგი კი ეწინააღმდეგება ფაქტს და დიაგნოზს უარყოფს (Falik, 1995).

აუტიზმის მქონე ბავშვის მდგომარეობა ოჯახის ყოველდღიური ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. მაგალითად, მშობლებში ხშირია ისეთი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიც არის შფოთვა და დეპრესია (Hastings, 2003; Lecavalier et al., 2006; Semour et al., 2012; Tomanik et al., 2004).

მტკიცებულებების თანახმად აუტიზმის მქონე ბავშვის მშობლებში განსაკუთრებულ სტრესს იწვევს (Silva & Schalok, 2011):
 შვილთან ორმხრივი ურთიერთობის დეფიციტი;
 ბავშვის ადვილად გაღიზიანებადობა, ხშირი ტანტრუმი, აგრესია და თვითდამაზიანებელი ქცევა;
 ბავშვის რეზისტენტობა ცვლილებებისადმი;
 ბავშვის უჩვეულო ძილის პატერნი;
 ბავშვის შეზღუდული კვებითი მენიუ;
 ბავშვის ტუალეტის უნარ-ჩვევათა დეფიციტი;
 შვილის მომავალზე შფოთვა („რა ბედი ეწევა, როცა მე აღარ ვიქნები“);
 საზოგადოების დამოკიდებულება (ბავშვის მიუღებლობა).

ორმხრივი ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეფიციტის გამო მშობელი შვილისგან ვერ იღებს ემოციურ უკუკავშირს.
აგრესიული და თვითდამაზიანებელი ქცევის გამო, ღელავს საკუთარი უსაფრთხოების დაცვასა და ბავშვის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.
ხშირი ტანტრუმების გამო უჭირს ბავშვთან ერთად საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა ან მაღაზიაში წასვლა, რადგან ერთის მხრივ არ იცის როგორ მოიქცეს და თავს უხერხულად გრძნობს და მეორეს მხრივ, საზოგადოების მხრიდან მასტიგმატიზირებელ დამოკიდებულებას ერიდება.
შვილის ცვლილებებისადმი რეზისტენტობა ხელს უშლის დაგეგმოს ყოფითი საკითხები და კარიერული გადაწყვეტილებები.
ბავშვის ძილის პრობლემების გამო ხშირად გამოუძინებელია და გადაღლილი.
დამატებითი დრო და ენერგია ეხარჯება ბავშვის კვების თავისებურებისა და ტუალეტის ჩვევის უნარის არქონის გამო.

2012 წელს ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ ასა-ს მქონე ბავშვის ჰიპერაქტიულობა, ძილის პრობლემა და თავის მოვლის უნართა დეფიციტი იწვევს მშობლის გადაღლას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს მის მიერ არაეფექტური გამკლავების სტრატეგიების გამოყენებასა და სტრესის მატებას (Seymour et al., 2012).

აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს ერთვის საქათველოში არსებული ვითარება:
 ჩვეულებრივ, თერაპია წლების მანძილზე გრძელდება და დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მშობლების უმრავლესობას თავად უწევს სახსრების მოძიება, რადგან მერიის პროგრამით მოსარგებლე ბავშვების რაოდენობა შეზღუდულია.
 ასაკის შესაბამისი სერვისები და სპეციალისტები არასაკმარისია, რის გამოც დიაგნოსტირებული ბავშვი მომლოდინეთა სიაში ხვდება და საშუალოდ 5-6 თვე ელოდება თერაპიულ პროცესში ჩართვას. ამის გამო თერაპიული ჩარევა გვიანდება. ეს კი უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის მდგომარეობაზე, რადგან ადრეული ჩარევა პირდაპირ კავშირშია უკეთეს გამოსავალთან (Estes et al., 2015).
 გათვითცნობიერებულობის გაზრდის მიუხედავად, საზოგადოების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. ხშირია ზედაპირული და მითიური წარმოდგენები აუტიზმის შესახებ, მაგალითად: აუტიზმის მქონე პირთა ზებუნებრივი ნიჭით დაჯილდოვებულ გენიოსებთან გაიგივება ან განსაკუთრებით აგრესიულსა და საშიშ პირებად წარმოდგენა. ეს ყველაფერი სტიგმას ქმნის და ბავშვისა და მშობლის სოციალურ იზოლაციას უწყობს ხელს.
 საქართველოში არ არსებობს ოჯახსა და მშობლებზე ორიენტირებული სერვისები, მათ შორის არც თვითდახმარების ჯგუფები.

მეცნიერული მტკიცებულების თანახმად, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს მშობლის სტრესს (Rivard et al., 2014):

1. ბავშვის ასაკი: სხვადასხვა ასაკში ოჯახი განსხვავებულ სირთულეებს აწყდება. მშობლის სტრესი დამოკიდებულია ბავშვის ფსიქოსოციალური განვითარების კონკრეტულ ეტაპსა და იმაზე, თუ რამდენად არის ბავშვი მზად ასაკის შესაბამისი გამოწვევის დასაძლევად. კვლევის შედეგებმა გამოავლინა, რომ წინასასკოლო ასაკის ბავშვების მშობლებში სტრესი მატულობს, მითუმეტეს, თუ მათი შვილი გვიან ჩაერთო თერაპიაში და ასაკის შესაფერისი სასკოლო მზაობა არა აქვს. შედარებით პატარებთან (2-3 წელი) მშობლებში სტრესის ინდექსი ნაკლებია, რადგან ერთის მხრივ, ამ ასაკის ბავშვებს ნაკლები საკომუნიკაციო და თავის მოვლის უნარები მოეთხოვებათ და მეორეს მხრივ, მათ შვილებს მეტი დრო აქვთ სასკოლო მზაობის ჩამოსაყალიბებლად.

2. დიაგნოსტირების დრო: ადრეული დიაგნოსტირება და დიაგნოზის მიმღებლობა კავშირშია მშობლის ნაკლებ სტრესთან. დიაგნოსტირების დრო ხშირად დამოკიდებულია აუტიზმის სიმპტომების გამოხატვის ხარისხზე. რაც უფრო მწვავედ არის სიმპტომები გამოხატული, მით უფრო ხშირია ადრეული მიმართვიანობა. მაღალფუნქციური აუტიზმის შემთხვევაში მშობელმა შეიძლება გვიან მიმართოს ექიმს ან შვილის კარგი რესურსის გამო დაეჭვდეს დიაგნოზის სისწორეში. ასეთ შემთხვევაში მას ერთის მხრივ აქვს ორაზროვნების განცდა და მეორეს მხრივ, კარგავს დროს და ბავშვს უგვიანდება თერაპიაში ჩართვა, რაც თავის მხრივ ართულებს, როგორც აღმზრდელის ასევე აღსაზრდელის მდგომარეობას.

3. სერვისში ჩართვა: შედეგებმა აჩვენა, რომ თერაპიაში ჩართული ბავშვების მშობლების სტრესი ნაკლებია, ვიდრე მომლოდინეთა სიაში მყოფი ბავშვების მშობლებისა. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ მაღალფუნქციური ბავშვების მშობლები სირთულეს აწყდებიან, რადგან შესაძლებელია სერვისის მიწოდებისას პრიორიტეტი მძიმე შემთხვევებს მიენიჭოს და შედარებით ნაკლებად გამოხატული პრობლემების მქონე ბენეფიციარებს თავიანთი რიგის მოლოდინი მეტი დროით მოუხდეთ.

წინამდებარე სტატიაში გადმოცემული ინფორმაცია, კარგად ასახავს აუტიზმის კომპლექსურობას და აჩვენებს, რომ ბავშვის ფუნქციონირების ხარისხის მიუხედავად მშობლის სტრესი მაინც მაღალია. ზოგჯერ, უკეთესი ფუნქციონირების ბავშვების მშობლებს მეტი სტრესიც კი აქვთ.

აქედან გამომდინარე, შესაძლებელია დავასკვნათ, რომ აუტიზმის მქონე ბავშვზე მზრუნველობის გაწევა სტრესულია მაშინაც, როცა სიმპტომები მთელი სიმძიმით არ არის გამოხატული და ასეთ შემთხვევაშიც საჭიროა აღმზრდელის/მშობლის მხარდამჭერი სერვისების არსებობა.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ:

სერვისის მიმწოდებელთათვის მნიშვნელოვანია:
1. გაითვალისწინონ მშობლის დეპრესიისა და შფოთვის განვითარების მაღალი რისკი და საჭიროების შემთხვევაში გადაამისამართონ მშობელი შესაბამის სპეციალისტთან;
2. მშობლების მდგომარეობაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ დიაგნოზის გაგებიდან პირველი 6 თვისა განმავლობაში;
3. დედებისა და მამების ფსიქიკური მდგომარეობის სტაბილიზაციისა და თერაპიულ პროცესში მშობლის ჩართულობის გასაუმჯობესებლად დაგეგმონ მშობელზე ორიენტირებული სერვისები;
4. გააფრთხილონ მშობლები არსებული რისკების შესახებ.

მშობლებისათვის მნიშვნელოვანია:
1. ყურადღება მიაქციონ საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და საჭიროების შემთხვევაში მიმართონ სპეციალისტს დასახმარებლად;
2. თავიდან აირიდონ გადაღლა;
3. გაიუმჯობესონ სტრესთან გამკლავების უნარები;
4. გამოიყენონ პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სტრატეგიები;
5. დაეხმარონ ერთმანეთს და შექმნან თვითდახმარების ჯგუფები.

სტატიის ავტორი:
მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ქცევითი თერაპიის ხელმძღვანელი, ფსიქო ტრავმის მაგისტრი , ფსიქოლოგი გვანცა ჩვამანია.