აუტიზმის „მკურნალობის“ ხუთი ყველაზე საშიში მეთოდი

აუტიზმის პრობლემა ყოვლეთვის იპყრობდა თაღლით „მკურნალთა“ ყურადღებას. ამ დიაგნოზის მქონე ადამიანთა „განკურნებისა“ და „თერაპიის“ მეთოდებზე დაკვირვებით ემილი უილინგჰემმა (თანამედროვე მეცნიერებისა და მედიცინის სფეროში მრავალი ინტერნეტპუბლიკაციის ავტორმა) გამოავლინა აუტიზმის „მკურნალობის“ ხუთი ყვლაზე საშიში მეთოდი.

1. სასწაულმოქმედი მინერალების ხსნარი (Miracle Mineral Solution), რომელიც სინამდვილეში ჩვეულებრივი მათეთრებელია. ტესტირების შედეგებზე დაყრდნობით ემილი დანამდვილებით აცხადებს, რომ ეს დანამატი შლის ნატურალურ ქსოვილებს. ამისათვის, საკმარისია ნახოთ მისი მოქმედება ბამბის ქსოვილზე (იხ. თანდართული ფოტო – რა ემართება მუქი ფერის ქსოვილის იმ ნაწილს, რომელზეც მოხვდა ხსნარი). ახლა წარმოვიდგინოთ ეს პრეპარატი ბავშვის პირის ღრუში, საყლაპავში, კუჭსა თუ ნაწლავებში (ამ მეთოდის ზოგი მიმდევარი მისი ოყნის სახით გამოყენებასაც კი გვირჩევს). მიუხედავად იდეის აბსურდულობისა, აუტიზმის პრობლემებისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ სერიოზულ კონფერენციაზე მომხსენებელმა განაცხადა, რომ 20 თვეში ამ მათეთრებელმა “აღადგინა” 38 ბავშვი, და ეს მოხსენება დღემდე გამოქვეყნებულია კონფერენციის საიტზე (?)

2. ქიმიური კასტრაცია ანუ ტესტოსტერონის დონის ხელოვნურად დაქვეითება. ბავშვისთვის ლორწოვანი გარსის დაწვა შეიძლება საშინელებად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს არაფერია ქიმიურ კასტრაციასთან შედარებით, რომელიც თურმე აგრეთვე “კურნავს” აუტიზმს. თავის პუბლიკაციებში ემილი არაერთგზის ცდილობდა მოცემული კონცეფციის მიმდევრების, კერძოდ კი მამა-შვილ გეიერების (Geiers) მხილებას. ოცწლიანი მოღვაწეობის პერიოდში აუტიზმის მქონე ადამიანებისათვის მიყენებული უმძიმესი ზარალის გამო უფროს გეიერს ამერიკის რამოდენიმე შტატში სამედიცინო ლიცენზია ჩამოერთვა, მიუხედავად ამისა მათ განაცხადი შეიტანეს ქიმიური კასტრაციით მკურნალობის დასაპატენტებლად.

3. ხელირება – ქიმიური აგენტების გამოყენებით ადამიანის სისხლიდან მეტალების განდევნის მეთოდი. ეს გზა მართებულია, თუ ადამიანი ვერცხლისწყლით მოიწამლა, მაგრამ არა აუტიზმის „სამკურნალოდ“. მიუხედავა ამისა, ზოგიერთ სამედიცინო და არაპროფესიონალურ წრეებში ჩამოყალიბდა მყარი კავშირი ვერცხლისწყალსა და აუტიზმს შორის (წითელას ვაქცინის კონსერვანტის კომპონენტი – თიმეროსალზე ხაზგასმა, მიუხედავდ იმისა, რომ აშშ-ში ეს ვაქცინა არასდროს შეიცავდა თიმეროსალს). ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხელირება კვლავაც გამოიყენება აუტიზმის სამკურნალოდ.

ხელირება არ კურნავს აუტიზმს! ცნობილია, ხელირებით მკურნალობის პროცესში, სისხლიდან კალციუმის იონების გამორეცხვის შედეგად ბავშვის დაღუპვის შემთხვევა. კალციუმი გულის კუნთის მუშაობისათვის აუცილებელი ელემენტია.

აუტიზმისა და “ვაქცინათა შეთქმულების” აბურდულ სამყაროში ქიმიურ კასტრაციას მიმართავენ ხელირების არაეფექტურობის შემთხვევაში. მიღებულია, რომ თუ სისხლიდან ქიმიური პრეპარატებით მეტალების გამოდევნა არ შველის, პრობლემა ტესტოსტერონის მაღალი დონეა. მის შესამცირებლად ასპარეზზე ქიმიური კასტრაცია გამოდის. პრაქტიკულად ეჭვგარეშეა, რომ აუტიზმის მქონე ბავშვებმა აუცილებლად უნდა გამოიარონ სამივე ზემოთხსენებული განსაცდელი: საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გამოწვა, სისხლის გასუფთავება არარსებული მძიმე მეტალებისაგან და, როგორც „საბოლოო დარტყმა”, ქიმიური კასტრაცია.

4. ჰიპერბარული ოქსიგენაცია ალტერნატიულ მედიცინაზე ორიენტირებულ ორგანიზაციათა ერთ-ერთი საყვარელი მეთოდია. პროდუქტებისა და მედიკამენტების კონტროლის ამერიკის სამმართველო ოფიციალურად აფრთხილებს ამ მეთოდის მომხმარებლებს. ამ დროს ბავშვს უტარდება აქტიური თერაპია ჟანგბადით, რაც აუტიზმის მკურნალობის კონტექსტში ფულის ტყუილი და არაეფექტური ხარჯვაა, თანაც მძიმე განსაცდელია ასეთი ბავშვისთვის.

5. ღეროვანი უჯრედებით მკურნალობა. რჩევა: დაფიქრდით ორჯერ, ან უკეთესია, სამჯერ, თუ გადაწყვეტთ, რომ გადაუხვიოთ ჯანდაცვის ოფიციალური ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ მეთოდებს. არ არსებობს ღეროვანი უჯრედებით აუტიზმის განკურნების არანაირი ახსნა. კონკრეტულად რისი დეფიციტის კომპენსაცია უნდა მოხდეს ბავშვის ორგანიზმში? ერთადერთი და ყველაზე ხშირი არგუმენტი ამ მეთოდის სასარგებლოდ არის მოსაზრება: “აუტიზმი და ღეროვანი უჯრედები, რატომაც არა?” ეგებ უპრიანია დაველოდოთ ეფექტიანობის დამამტკიცებელ სამეცნიერო მტკიცებულებებს?

“სპეციალისტების” მოწოდებული “საშიში მეთოდების” სია ბევრად გრძელია: აქლემის რძე, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები, მარიხუანა, დელფინები და სხვა.

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ამ უცნაური მეთოდების ტესტირება ჩვენს ბავშვებზე არც ისე კარგი იდეაა. გთხოვთ, ამა თუ იმ მეთოდის თქვენ ბავშვთან გამოყენებამდე, კარგად გაარკვიეთ მისი სარგებელი და ზიანი.

მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ქცევითმა თერაპევტმა თამარ ჩოჩიამ.