არის ინტელექტის კოეფიციენტი ფუნქციონირების საზომი აუტიზმის სპექტრის მქონე ინდივიდებთან?

აუტიზმის სპექტრის მქონე ინდივიდებთან ჩატარებულ კვლევათა უმრავლესობაში მაღალფუნქციურ ბავშვებად ითვლებიან ის პირები, რომელთა ინტელექტის კოეფიციენტი 70-80-ზე მეტია, თუმცა, როგორც ზოგიერთი მეცნიერი ამბობს, ეს საკმაოდ საკამათო საკითხია.

ერთი მხრივ, მკვლევარები არ იყენებენ ერთსა და იმავე ტესტს ინტელექტის საზომად, მაგრამ ტესტების დამთხვევის შემთხვევაშიც, ხშირია განსვლა შედეგებში. ასევე, მაღალი ინტელექტისა და ფუნქციონირების მაღალი დონის სინონიმებად განხილვა ბევრ ეჭვს ბადებს, რადგან სოციალური და კომუნიკაციის უნარები დიდ გავლენას ახდენს ინდივიდის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

ინტელექტის კოეფიციენტი ზოგადად კავშირშია კომუნიკაციის უნარებთან და ყოველდღიურ ცხოვრებაში ადაპტაციის უნართან, თუმცა ეს არ არის ფუნქციონირების საუკეთესო საზომი.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის პროფესორის, Annette Estes -ის გამოცდილება ამტკიცებს ამ შეხედულებას. ის თავის გრძელვადიან კვლევაში აკვირდებოდა 30 ბავშვს 3-4 წლის ასაკიდან. კვლევაში ჩართვის ერთადერთი წინაპირობა იყო დიაგნოზი – აუტიზმის სპექტრის აშლილობა. ასაკის მატებასთან ერთად, თანდათან გამოვლინდა ფუნქციური განსხვავებები, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მათი ნაწილი ვერ მეტყველებდა ან ვერ ასრულებდა ფურცლითა და კალმით შესასრულებელ აქტივობებს, მკვლევარებს ძალიან გაუჭირდათ მათი უნარების შეფასება. თუმცა ამ ბავშვების ნაწილს საკმაოდ მაღალი ინტელექტი ჰქონდა. მაგალითად, ერთ-ერთი ბავშვი, რომელმაც ვერ შეძლო კვლევაში ჩასართავი პირველადი ტესტის გავლა, სწრაფად პასუხობდა მათემატიკურ სავარჯიშოებს საკუთარი სურვილით.

ბავშვები, რომლებიც ვერ მეტყველებენ, იღებენ ძალიან დაბალ ქულებს ინტელექტის ტესტების ვერბალურ ნაწილში, თუმცა არავერბალურ ნაწილში მათი განვითარება შესაძლებელია ასაკის შესაბამისი იყოს. ინტელექტის შესაფასებელი ვექსლერის სკალა, რომელიც ხშირად გამოიყენება აუტიზმის შესახებ კვლევებში, ასევე აწყდება ამ სირთულეს, რადგან ტესტი დაყოფილია ორ ძირითად ნაწილად, ვერბალურ და არავერბალურად, თუმცა მისი დაყოფა უფრო მცირე კატეგორიებად შესაძლებელია უფრო სასარგებლო იყოს. თუ მკვლევარები გამოიყენებენ სხვადასხვა ტესტებს მაღალფუნქციური ინდივიდების შეფასებისას, კიდევ უფრო რთული იქნება კვლევების მონაცემების შედარება.

ტესტის მიუხედავად, ინტელექტის კოეფიციენტი შესაძლოა არ იყოს აუტიზმის მქონე ინდივიდის რეალურ სამყაროში ადაპტაციის საუკეთესო საზომი. ინდივიდის ფუნქციონირების დონეზე შესაძლებელია უფრო მეტი გავლენა იქონიოს თანმხლებმა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებმა, ვიდრე ინტელექტის კოეფიციენტმა.

ინდივიდი, რომლის ინტელექტის კოეფიციენტი 125-ია,ითვლება მაღალფუნქციურად, თუმცა შესაძლოა ჰქონდეს შესაძლებლობების მნიშვნელოვანი შეზღუდვა. აკადემიური მიღწევების თვალსაზრისითაც, ინტელექტის კოეფიციენტი ნაკლებად რელევანტურია იმასთან შედარებით, ვიდრე მიჩნეულია. Estes-ს კვლევის შედეგები ამტკიცებს, რომ IQ არ განსაზღვრავს აუტიზმის სპექტრის მქონე ინდივიდების აკადემიურ უნარებს კლასის გარემოში. კვლევაში ჩართული ბავშვების ნაწილმა უკეთ შეძლო კითხვა და წერა, ვიდრე ამას მისი ინტელექტის კოეფიციენტი წინასწარმეტყველებდა.

ტიპური განვითარების ბავშვებთან ინტელექტის კოეფიციენტი მჭიდრო კავშირშია მათ აკადემიურ მიღწევებთან. კვლევაში ჩართულ იმ ბავშვებს შორის, ვისაც 6 წლის ასაკში ჰქონდათ კარგი სოციალური უნარები, 9 წლის ასაკში უკეთესი აკადემიური მიღწევები აჩვენეს, მიუხედავად მათი ინტელექტის კოეფიციენტისა.

ასე, რომ ინტელექტის კოეფიციენტი ყველა შემთხვევაში ვერ განსაზღვრავს აუტიზმის მქონე ბავშვის ფუნქციურ უნარებს.

მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ფსიქოლოგმა, ქცევითი თერაპიის ხელმძღვანელმა სალომე გაბაძემ.